მაია ბითაძე: წარუმატებლები და ლუზერები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები – ყველაზე მთავარი, რაც მათ ასეთად აქცევს, ეს არის ის ტყუილების კასკადი, რომლითაც ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ, რაც ბუნებრივია აღარ მუშაობს

აბსოლუტურად წარუმატებელი იქნება პოლიტიკური ლუზერების ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველა მათი ქმედება. მათ შორის ასეთი ასტრონომიული თანხების ხარჯვა ლობისტური საქმიანობისთვის იქნება წარუმატებელი ერთი მიზეზის გამო, დღეს თეთრზე შავად ჩანს თუ რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც ნიკა გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, საქართველო ეტაპობრივად დაალაგებს ურთიერთობას აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან.

„რაც შეეხება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვიცით, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდია, რაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად დალაგდება და ამის პირველი ნიშნები უკვე იკვეთება. ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის აუდიენცია, რაც ასე ვთქვათ შეიძლება ჩაითვალოს პირველ ნაბიჯად შემდგომში ურთიერთობების გადატვირთვის. რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს. იმიტომ, რომ ხედვა ძირითად საკითხებზე, როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების მიმართულებით, ჩვენი სახელმწიფოს და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვები ემთხვევა. ყველა ის საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ და ასევე, „ხალხის ძალის“ მიერ გაჟღერებული იყო ბოლო თვეების და წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება, გარკვეული ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვა, ლიბერალურ ფაშიზმთან ბრძოლა ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც ერთი ერთში ჰგავს ერთმანეთს. ასე, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ნორმალიზდება და ის დიდი გლობალური ძალა, რომელსაც ვეძებთ, რომ სადღაც ინსტიტუციურად არის ჩამოყალიბებული, არ გვინახავს მაგრამ ყველას გვსმენია, იქნება ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებული ამ პლანეტაზე.

ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურად, ხვალვე განვაახლოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები, ჩვენი სუვერენიტეტი იქნება ის მთავარი მომენტი, რომლის დათმობას საქართველო ბუნებრივია არ აპირებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას, საგარეო საქმეთა მინისტრს წაუყენა ახალი ადმინისტრაციის მკაცრი მოთხოვნები. მაია ბითაძის თქმით, რადიკალებს ჰგონიათ, რომ მოატყუებენ ერთი და იგივე ნარატივით საზოგადოებას.

„წარუმატებლები და ლუზერები არიან ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველაზე მთავარი, რაც მათ ასეთად აქცევს, ეს არის ის ტყუილების კასკადი და ის სიცრუის ძალიან დიდი მანქანა, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ. ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და ასევე, ანალიზის უნარი. არ შეიძლება ყოველ დღე ცდილობდე ახალი „ფეიკი“ გამოიგონო, მათ შორის გლობალურად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და ეცადო, რომ შენ მოსახლეობას ეს თავზე მოახვიო.

ეს მათი უკვე ბავშვური და ინფანტილური ტყუილები, რომლითაც ცდილობენ, რომ მოსახლეობა კვებონ, ბუნებრივია აღარ მუშაობს. ისინი სირაქლემას პოზიციაში არიან და ცდილობენ, რომ ერთი და იგივე მეთოდების გამოყენებით, იმის პარალელურად, რომ თან ერთმანეთის ჭამის აქტიურ ფაზაში არიან გადასულები, ცდილობენ, რომ ე.წ. საპნის ბუშტი შექმნან, რომელიც ყოველ დილით დაწყებული ნიუსი საღამოს უსკდებათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები