ირაკლი კობახიძე: როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები
როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, თუ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და კარგად დაინახავს საზოგადოება, სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები.
„მე ვერ შევალ პროკურატურის და გამოძიების კომპეტენციაში, მაგრამ პოლიტიკური შეფასებები შემიძლია, გავაკეთო იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ვითარდება. რაც შეეხება ფონდებს, ფონდებთან დაკავშირებით სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება იმას, თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები, ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს, იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები. როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე. თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რითაც იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, კარგი, არ უნდოდათ შემომწირველების გასაჯაროება, მაგრამ ხარჯები მაინც გამოექვეყნებინათ. პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი. ვნახოთ, შეიძლება, გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, შეიძლება არა, ამას დაადგენს პროკურატურა. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, არც ჩემი, არც რომელიმე სხვა მოქალაქის. ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.