პრემიერი: აქციების პირველი ორი დღის განმავლობაში იყო რამდენიმე მძიმე ინციდენტი, თუმცა მუდმივად იყო ინსტრუქციები იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ეს ყველაფერი და დღეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა

იყო მძიმე ინციდენტები, შედეგის დადგომას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებსა და გამოძიებაზე, არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივად იყო ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გამორიცხული მძიმე ინციდენტები.

„ჩვენთვის რა არის მთავარი – როცა ჩვენ ვიხილეთ ის უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა, რითაც დაგვიპირისპირდა რადიკალური ოპოზიცია 28 ნოემბერს, რა თქმა უნდა, ძალიან შეგვეშინდა, არ დამდგარიყო რაიმე რთული შედეგი. პირველ რიგში, ამაზე ვიყავით ორიენტირებულნი. დღეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, მძიმე ინციდენტები იყო. ადამიანური ამბავია, რომ ვიღაც მოქმედებს მკაცრად, მითითების შესაბამისად და ვიღაც არ მოქმედებს მითითების შესაბამისად, ზოგი მოქმედებს ჭარბი ემოციებით, ზოგი იმის გამო, რომ არასათანადო აღქმა აქვს საკუთარი ფუნქციის მნიშვნელობის და ა.შ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მოქმედებებში გდდ-ს მხრიდან, პოლიციის მხრიდან ჩართული იყო ათასობით ადამიანი და ინციდენტი დაფიქსირდა რამდენიმე, მთელი ამ დღეების განმავლობაში. იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა გდდ-ზე და მთლიანად პოლიციაზე, რომ ამ მასშტაბური ძალადობის მიუხედავად, დედის გინების მიუხედავად და ა.შ. ხედავდით პირდაპირ ეთერში, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმდენად მკაცრი ინსტრუქციები მიდიოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უშუალოდ პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მხოლოდ და მხოლოდ იყო რამდენიმე მძიმე ინციდენტი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს სწორი იყო, ან მძიმე არ იყო, მაგრამ იყო რამდენიმე ინციდენტი და ეს არის იმის შედეგი, რომ მუდმივად იყო ინსტრუქციები იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა მძიმე ინციდენტები. პირველი ორი დღე იყო, თქვენ გახსოვთ ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ერთ-ერთ მონაწილეზე მძიმე ინციდენტები, შემდეგ როცა კიდევ დამატებით წავიდა ეს ინსტრუქციები, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს არც ერთი ასეთი ინციდენტი არ ყოფილა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები