ოთარ კიტეიშვილი: კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ მისი პირველი თამაში კაპიტნის რანგში წარმატებული აღმოჩნდება.
„სომხეთის ნაკრები თავს გუნდურად დაიცავს და ეცდებიან სწრაფი კონტრშეტევებით შემოგვიტიონ. თუმცა, სახლში თამაშობენ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ და, შესაძლოა, განსხვავებული სტილითაც ითამაშონ. ამიტომ, ჩვენ თავზე ვკონცენტრირდებით. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. კლუბშიც ხშირად ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს განსაკუთრებული მომენტია და მეტად საპასუხისმგებლოა. ამისთვის მზად ვარ და მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. იმედია წარმატებული აღმოჩნდება ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში. რთულია შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო ამისთვის“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.
2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბილისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.