ვილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება – მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ

ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.

„ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.

ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა სანიოლმა.

2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბილისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები