ყოველწლიური ლგბტ პრაიდი ბუდაპეშტში ოფიციალურად აკრძალულია. შესაბამისი კანონპროექტი უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტს 136 მხარდამჭერი ჰყავდა, 27 კი წინააღმდეგი.
კანონპროექტი მმართველმა კოალიციამ წარადგინა. მას ცვლილებები შეაქვს უნგრეთის კანონში საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ და კრძალავს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას ან მათზე დასწრებას, რომლებიც არღვევს „ბავშვთა დაცვის“ აქტს. ხელისუფლება ასევე შეძლებს ამ ღონისძიებებში მონაწილეთა ვინაობის დადგენას სახის ამოცნობის სისტემის გამოყენებით. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა.
ვიქტორ ორბანის მთავრობამ „ბავშვთა დაცვის“ აქტი 2021 წელს მიიღო, რაც გულისხმობს სახელმწიფო დონეზე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობას, კერძოდ, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრევენციას.
კენჭისყრამდე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, პლენარულ დარბაზში ფერადი კვამლი გაუშვეს. ასევე, მიმოფანტეს ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი.
მიღებული კანონი გააპროტესტა მოსახლეობის ნაწილმა და დემონსტრანტები ბუდაპეშტში, კოშუთის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, ახალი კანონი არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.