“პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპს მედიასთან შეხვედრა არ გაუმართავს, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკული მხარე მიღწეული შედეგებით მთლად კმაყოფილი არ არის” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს –ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით,  აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ  ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მედიასთან შეხვედრა არ გაუმართავს, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე,  რომ ამერიკული მხარე მიღწეული შედეგებით ბოლომდე  კმაყოფილი არ არის.

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებებს ანალიტიკოსი მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  სტუმრობისას გამოეხმაურა.

“პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ  ტრამპს მედიასთან შეხვედრა არ გაუმართავს (რაც მას სჩვევია ხოლმე), რათა  ამ სატელეფონო საუბრის შედეგები   შეეტყობინებინა.   ეს ირიბად მიუთითებს იმაზე,  რომ ამერიკული მხარე მიღწეული შედეგებით მთლად კმაყოფილი არ არის.  როგორც ჩანს,  მათ მაინც  უფრო მეტის მოლოდინის იმედი ჰქონდათ.  საერთოდ, დონალდ ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე, მას ყოველთვის აქვს, ასე ვთქვათ, განწყობა და ისეთი შინაგანი მზაობა,  რომ რასაც ის მოპირდაპირე მხარეს ეტყვის,  ის მას უნდა დასთანხმდეს.     ამ შემთხვევაში რუსების მხრიდან ის პოზიცია, რაც მათ საგარეო  საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იქნა დაფიქსირებული მოწმობს იმას,  რომ რუსებმა , მათი ჩვეული ტერმინით რომ ვთქვათ, ე.წ.    “კაუჩუკის დიპლომატია” გამოიყენეს, ანუ  დროის მაქსიმალურად გაწელვა  გადაწყვიტეს,  რათა  იმ უპირატესობით ისარგებლონ,  რაც მათ ახლა  ფრონტის ხაზზე აქვთ. ეს კი იმისთვის, რომ   მაქსიმუმს მიაღწიონ და შემდეგ უკვე უკრაინას ის მოლაპარაკებების ბერკეტები  გამოაცალონ ხელიდან,  რაც უკრაინას უნდა,  რომ ჰქონდეს,    მაგალითად, კურსკის ოლქში  გარკვეული ტერიტორიების   ფლობა.  ჯერჯერობით, კურსკი ბოლომდე გაწმენდილი არ არის,  ანუ იქ რუსები საზღვარზე ბოლომდე ვერ გავიდნენ ,  შესაბამისად,  ვიდრე რუსები კურსკის ოლქს  უკრაინელი სამხედროებისგან მთლიანად არ გაათავისუფლებენ ,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სრულ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდნენ,  თუნდაც 30 დღით” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, აშშ-სა და რუსეთს  შორის დიალოგი შეწყვეტილი  იყო,  მთავარი კი, რაც  ამ სატელეფონო საუბარშია, ისაა, რომ ყინული რაღაცნაირად დაიძრა, ორი ლიდერი ერთმანეთს დაელაპარაკა.  როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, გარკვეულწილად, მიღწევაა, რომ ორმა მხარემ  ერთმანეთის პოზიციები გაიგო.

“ეს მოლაპარაკებები  უკრაინის თემის გარდა, კიდევ სხვა საკითხებსაც ეხებოდა,  მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთგვარ აღდგენას, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდა.    მე მგონი, ეს შეიძლება,  ამ საუბრის  ყველაზე მთავარ პოზიტივად ჩაითვალოს, იმიტომ, რომ სწორედ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება და შემდეგ აშშ-ს მხრიდან   რუსეთზე დადებული სანქციები არის ის, რაც  ოფიციალურ მოსკოვს ყველაზე მეტად აწუხებს.  რამდენად შორს წავა ეს წინასწარი შეთანხმება, ანუ თანხმობა იმაზე, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაუმჯობესების კუთხით გადაიხედოს,   ამას ჩვენ ვნახავთ, როდესაც  უკვე ტექნიკური მოლაპარაკებები  გაიმართება.  ვნახავთ,  რა საკითხებს  მოიცავს ეს და მხარეები რა შეთანხმებზე  გავლენ.    ორ მხარეს შორის დიალოგი შეწყვეტილი იყო, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეს აბსოლუტურად  ჩაწყვეტილი  იყო. მთავარი, ჩემი  აზრით, რაც არის ამ სატელეფონო საუბარშია,  არის ის, რომ      ყინული  რაღაცნაირად დაიძრა, ორმა ლიდერმა   ტელეფონი აიღო და ერთმანეთს დაელაპარაკა,  ესეც უკვე რაღაც გარკვეულწილად   მიღწევაა, რომ ერთმანეთის პოზიციები გაიგეს.   მე ვფიქრობ,  რომ ამ პროცესს დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ამ  საუბრის შემდეგ  რუსებმა  უკრაინის რამდენიმე ოლქს   შეუტიეს,    მაგრამ არც უკრაინა   დარჩენია ვალში,   მათ   ბელგოროდს დაარტყეს და ჰქონდათ   მცდელობა, რომ შეჭრილიყვნენ, საზღვარი   გაერღვიათ.    ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი მხარე მშვიდობისთვის მოწადინებული, ჯერჯერობით, მაინცდამაინც, არ არის, მიუხედავად იმისა,  რომ საჯაროდ აცხადებს –    სურს გრძელვადიანი მშვიდობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის პირობებზე. კიდევ ერთი მომენტია, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა:  ჯერჯერობით,  ევროკავშირი ამ მოლაპარაკებიდან  ერთგვარად განყენებულია,  თუმცა ტრამპმა განაცხადა,  რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს. ევროკავშირი  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას  არცერთი წუთით არ აპირებს,  არადა,  რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ამ 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში უკრაინისთვის ყოველგვარი სამხედრო დახმარება   და  სადაზვერვო  მონაცემების გადაცემა შეწყვეტილიყო. ასე რომ, რაღაცნაირად კონფლიქტის   მოგვარების ცენტრმა ევროპისკენ გადმოინაცვლა, რადგან ევროპა საკმაოდ, მკაცრად არის ზუსტად იმისკენ განწყობილი, რომ ის მიზანი რაც მას აქვს  –  რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, მას დღის წესრიგიდან არ მოუხსნია  და შესაბამისად,  ის  სამხედრო დახმარებას გააგრძელებს. სამხედრო დახმარების გაგრძელება  ნიშნავს იმას,  რომ კიევს უფრო მეტი სტიმული ექნება იმისკენ,  რომ სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს და  კონტრშეტევებიც განახორციელოს იქ,  სადაც კი   შესაძლებელია.  ასე რომ,  მე ვიტყოდი,   ამ სატელეფონო საუბრის შედეგი,    ჯერჯერობით , მინიმალისტურია”- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის,   აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს    შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.

როგორც თეთრი სახლის  განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

კრემლმა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ პირობად საგარეო სამხედრო დახმარების და კიევისთვის დაზვერვის მიწოდების სრული შეწყვეტა დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა  რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების,  სატელეფონო საუბრის შემდეგ  გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინთან ტრამპის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, რადგან საუბრის დასრულებისთანავე უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები