მათიკაშვილი – კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე: აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ხდებოდა რამდენიმე დღე ის ცნობილი მოვლენები საქართველოს პარლამენტის წინ, ფაქტობრივად ომის იმიტაცია
“ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ფაქტობრივად ომის იმიტაცია მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ის პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.
„ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. აფინანსებენ დესტრუქციას, აფინანსებენ იმ მასალის შეძენას, რითაც ხდებოდა რამდენიმე დღე ის ცნობილი მოვლენები საქართველოს პარლამენტის წინ, ფაქტობრივად ომის იმიტაცია, რომ მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეო“ სექტორმა. როდესაც რომელიმე კონკრეტულ პირს სახელმწიფო, სამართალდარღვევის გამო ან შესაბამისი სხვა გადაცდომის გამო მიუსჯის ჯარიმას, ეს ფონდები ფულს უგროვებენ და უხდიან მას ამ ჯარიმას. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს არის დემოკრატიული სამყაროსთვის გაუგებარი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.