ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განიზრახავს, რომ თავის სამშობლოს ნებისმიერი ქმედებით უღალატოს, მან უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით პასუხი
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განიზრახავს, რომ თავის სამშობლოს ნებისმიერი ქმედებით უღალატოს, მან უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით პასუხი“, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე საუბრისას განაცხადა.
„ნიშანდობლივია ის, თუ რა პერიოდში მოხდა ამის [მუხლის] , ამოღება საკანონმდებლო სივრციდან – ეს იყო აგვისტოს ომამდე. ამ ყველაფერზე პასუხი საზოგადოებისთვის ნათელია, რადგან კარგად ვნახეთ, თუ როგორ განვითარდა აქ [საქართველოში], ეს მოვლენები, რა მოვლენები უძღოდა წინ ამ ყველაფერს, ამ დამანგრეველ, ხუთდღიან ომს, შემდეგ რა რეზოლუციებს და დასკვნებს დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში ღალატის მუხლი, აქაც პასუხი არის ძალიან მარტივი – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განიზრახავს, რომ თავის სამშობლოს ნებისმიერი ქმედებით უღალატოს, მან უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით პასუხი“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში. კანონმდებლობაში ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წელს გააუქმა. კანონში მუხლის აღდგენის საკითხი, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.