ირაკლი კირცხალია: როცა საკუთარ თავს აპოზიციონირებ როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს
“როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ, როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ მედიის კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია.
„მინდა განვმარტო ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ მაუწყებლობის სწორი გაგებით ჩარჩოში მოქცევაზე, ანუ იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ყველა წამყვანი ქვეყანა ხელმძღვანელობს, ეს რა თქმა უნდა, იმ ონლაინ გამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც პირველ რიგში ეს მედია და მაუწყებლობები ფლობენ. 21-ე საუკუნეში ვართ მხოლოდ ტელევიზორი ხომ არ გვაქვს? ზოგი ტელეფონიდან, ინტერნეტსივრციდან იღებს ინფორმაციას. აქ ალოგიკური და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. ასე რომ, სრულიად ლოგიკური ინიციატივა იყო, რომ თუ მაუწყებელს ეხება, მაუწყებლის მხრიდან მართულ ონლაინ მედიას რატომ არ უნდა ეხებოდეს? ან თუნდაც არამაუწყებელს, როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს. მე თქვენი კოლეგებისგან და არამხოლოდ მოვისმინე რაღაც შეშფოთება არამხოლოდ ონლაინ მედიაზე, არამედ ზოგადად როცა მაუწყებელზე დაანონსდა ეს ყველაფერი. უბრალოდ, გასაკვირია და ისევ და ისევ კითხვის ნიშანს აჩენს იმ აღშფოთებულ ადამიანზე, რომ ესე იგი რაიმე დასამალი აქვს”, – განაცხადა კირცხალიამ.