,,მოსე თოიძე” – სიღნაღის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2025 წლის 27 მარტიდან 15 სექტემბრამდე უმასპინძლებს გამოფენას – „მოსე თოიძე”

მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროფესიონალ, ქართველ მხატვართა პირველი თაობის წარმომადგენლის, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო სამხატვრო სტუდიის დამაარსებლის, პროფესორ მოსე თოიძის (1871-1953) ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

მისი შემოქმედება ეროვნული მხატვრობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, რომელშიც ნათლად აისახა ევროპულ -მხატვრულ ტენდენციებთან ქართული ფერწერის შერწყმის არცთუ მარტივი პროცესი.

მოსე თოიძის მდიდარი შემოქმედება – კლასიკური აკადემიური ფერწერიდან, მოდერნისტულ ექსპერიმენტებამდე მას ქართული ფერწერის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აქცევს. განუზომელია მისი წვლილი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნებისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმების კუთვნილი მოსე თოიძის 50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის, მისი სახელობის სახლ-მუზეუმში, სადაც თავმოყრილია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, პირადი არქივი და ფოტომასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები