“დარწმუნებული ვარ, ჩვენი “ბორჯღალოსნები” კიდევ მრავალ გამარჯვებას მოიპოვებენ და არაერთხელ ასახელებენ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს” – მიხეილ ყაველაშვილი
“დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დავაჯილდოვე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თითოეული მორაგბის მებრძოლი სული და თავდადება ჩვენი ერის გაუტეხლობისა და შეუპოვრობის სიმბოლოა.
ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ შეუჩერებლად მიიწევს წინ ქართული რაგბი, ყოველ ჯერზე უფრო ძლიერდება, ვითარდება და საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიო ასპარეზზე. ეს ყველაფერი ჩვენი მორაგბეების, მწვრთნელების, სხვადასხვა თაობის უწყვეტი შრომისა და სახელმწიფოს გვერდში დგომის შედეგია.
არ შეიძლება, განსაკუთრებით არ აღინიშნოს ჩვენი საამაყო ერისკაცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი წვლილი ქართული რაგბის განვითარებაში, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი “ბორჯღალოსნები” კიდევ მრავალ გამარჯვებას მოიპოვებენ და არაერთხელ ასახელებენ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს”, – წერს ყაველაშვილი.