გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა სახიფათო და დასჯადია.
„სამწუხაროდ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების დროს, ფერმერები მაინც ხშირად იყენებენ ამ მავნე პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.
შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რიგი ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლია განადგურებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.