რაგბის კლუბი ‘’არმია’’ დღეს სარბიელის სინის მფლობელი გახდა
„დღეს, რაგბის კლუბმა ’’არმიამ’’ რუსთავის ’’ხარებს’’ უმასპინძლა ავჭალის რაგბის სტადიონზე, სადაც გათამაშდა ‘’სარბიელის სინი,’’ რომელიც ‘’ხარებს’’ მოპოვებული ჰქონდათ წინა ტურში, ქუთაისის ‘’აიაზე’’ გამარჯვების შემდეგ,“- ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „არმიამ’’, ამ გამარჯვებით, მეექვსე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე და ექვსეულში მოიპოვა ადგილი პლეი – ოფში სათამაშოდ.
„დღეიდან, ‘’სარბიელის სინი’’, დედაქალაქში, კერძოდ, კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას. რაგბის კლუბი არმია და არმიელები, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნონ მოგებული ჯილდო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ‘’არმიელებს’’ ამ გამარჯვებას და წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.
შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ‘’სარბიელის სინის’’ ისტორია 1995 წელს იწყება, როდესაც, ქართული რაგბის მემატიანემ, იმხანად კი სპორტულ გაზეთ “სარბიელის’’ თანამშრომელმა, ზაალ გიგინეიშვილმა ზელანდიური (1902 წელს დაარსებული) “რანფერლის ფარის” პრინციპი ქართულ რეალობას მოარგო. თავად სინი – ძველმა მორაგბემ და მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ თითბრიდან გამოჭედა, დამზადების ხარჯი კი “სარბიელმა” გაიღო. მიზეზი მარტივი იყო – წლის ნებისმიერ დროს გარკვეულიყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონატის რიგით მატჩებს მეტი ეშხიც შემატებოდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.