მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლო 17 მარტს გამოაცხადებს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – სასამართლო განაჩენს 17 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. არადა, დღევანდელ პროცესზე მას საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა.
მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ სხდომაზე წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.
ცნობისთვის, პროცესზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმე დღის წინ გამოტანილი განაჩენი ცნობის სახით წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.