გორში ცხინვალის “ლიახვსა” და პრემიერის გუნდს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს

  გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის “ლიახვსა” და საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდ “თბილისს” შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.
“თბილისის” შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრები და ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები თამაშობენ.
გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი კაპიტნობს, მეკარე კი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა.
გუნდის შემადგენლობაში ასევე არიან: კახი კალაძე, ოთარ დანელია და მთავრობის სხვა წევრები.
რაც შეეხება ცხინვალის “ლიახვს”, გუნდი, ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. როგორც მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, ეს მატჩი არის ძალიან წინადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, დღევანდელ თამაშში ცხინვალის “ლიახვმა” გაიმარჯვოს.
“საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. იდეა დაიბადა დაახლოებით ორი თვის წინ, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. შევიტყვე, რომ ჩვენს ოს ძმებს სურდათ გორში ჩამოსვლა და კარიერის გაგრძელება ჩვენთან. ამ ინიციატივას მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი. ისინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ და პრაქტიკულად, ყველა გუნდს უგებენ მეორე ლიგაში. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ოს ძმებთან ერთად ძალიან მეგობრული თამაში გავმართოთ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს ძმებს – ოსებსა და ქართველებს შორის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საფეხბურთო თვალსაზრისით ის ძალიან ცუდ ფორმაშია, თუმცა მისი გუნდის იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები