“გუნბას  პუტინთან შეხვედრა ე.წ. არჩევნებიდან  ძალიან მალე შედგა, ეს გათვლილი იყო  ადამიანებზე,  რომლებსაც სჯერათ,  რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის  დიდი მეგობარია და იქ მორიგი “დემოკრატიული” არჩევნები ჩატარდა”- თამაზ ხუბუა

“გუნბას  რუსეთის პრეზიდენტთან,  პუტინთან შეხვედრა ე.წ. არჩევნებიდან  ძალიან მალე შედგა. ეს შეხვედრა  გათვლილი იყო იმ ადამიანებზე,  რომლებსაც სჯერათ,  რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის  დიდი მეგობარია და იქ მორიგი “დემოკრატიული”, “გამჭვირვალე”, “საყოველთაო” არჩევნები ჩატარდა”- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრებისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ განაცხადა.

ხუბუა ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას გამოეხმაურა.

“როგორც მოსალოდნელი იყო ე.წ. არჩევნების  მეორე ტურში მოსკოვის ფავორიტმა გუნბამ გაიმარჯვა. არძინბა დამარცხდა და   ეს დამარცხება აღიარა.

მთავარი მომენტია, რომ გუნბას  რუსეთის პრეზიდენტთან,  პუტინთან შეხვედრა უცბად,  ძალიან მალე შედგა. გუნბა ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტისაგან მიიღო მილოცვა და დახმარებები (ეკონომიკურ საკითხებში, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაზე,  ასევე ინვესტიციების, სახსრების მიწოდების საკითხში. მოგეხსენებათ, ამ მხრივ  გარკვეული შეჩერებები იყო).

პუტინის შეხვედრა აფხაზეთის ახალ ე.წ.  პრეზიდენტთან  გასაკვირი არ უნდა იყოს. რუსეთს მის გარშემო მიმდინარე პროცესები საგარეო პოლიტიკაში  მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს და თუნდაც ისეთი არარსებული რესპუბლიკის, როგორიც აფხაზეთია, მისი გავლენის ქვეშ დარჩენა მისთვის  ძალიან ღირებულია და ამას  საინფორმაციო უზრუნველყოფა  სჭირდება.

სწორედ ამ მომენტს ემსახურებოდა ეს შეხვედრა  და  გათვლილი იყო იმ ადამიანებზე,  რომლებსაც სჯერათ,  რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის  დიდი მეგობარია და მორიგი “დემოკრატიული”, “გამჭვირვალე”, “საყოველთაო” არჩევნები ჩატარდა.

ე.წ. არჩევნებზე გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. თუ შეიძლება,  ინციდენტი ეწოდოს იმას,  როდესაც საარჩევნო უბანში ვარდებიან შეიარაღებული პირები,  ადამიანები  არიან დაჭრილები,  დაკავებულია   12  პირი. ეს  რისი დამალვაც არ შეიძლებოდა და თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, ზეწოლის და ძალადობის რა ფორმები იყო სხვა უბნებში გამოყენებული?

ეჭვი არ მეპარება,  მითითება იყო რუსეთიდან, გუნბამ დავალება მიიღო,  ხმამაღლა გაეცხადებინა, რომ  ინვესტიციებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებული ე.წ. კანონპროექტის განხილვა  აფხაზეთის ე.წ.პარლამენტს ხელახლა დაუბრუნდებოდა. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ანექსიური პოლიტიკის ესკალაციის მაჩვენებელია. ამ რეგიონს რუსეთი  ნელ-ნელა იპყრობს.

ინვესტიციების საკითხზე ე.წ. კანონპროექტს  ორი შემადგენელი აქვს.  პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთიდან შემოსულ ინვესტორებს, ინვესტიციებს და  დე ფაქტო ადმინისტრაციას  ვალდებულება აკისრია, მათ ხელშემწყობი, შეღავათიანი პირობები შეუქმნას.  მეორე შემადგენელია შემდეგი: გუნბამ თქვა, რომ შეიძლება, ეს პროექტი  ადრინდელი სახით არ იყოსო. ანუ,  გუნბა ამბობს, რომ ეს ინტენსიურად არ იქნება, ინვესტიციის რაოდენობა იმდენი არ იქნება, რამდენიც ინვესტორებს სურთ და ეს, ასე ვთქვათ, არ წალეკავს აფხაზეთის “აღმავლობაში მყოფ ეკონომიკას”. თუ დაგეგმილი იყო ინვესტიციების მთელი წლის განმავლობაში შემოსვლა და ამაში ხელშეწყობა,  გუნბა ამბობს, რომ ეს მოხდება წელიწადში ერთხელ, ორჯერ და ეს ჩვენს ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენსო.   აუცილებელი არაა,  ეკონომისტი იყო,  რომ ე.წ. კანონპროექტთან დაკავშირებით ამ შეფასების სიბეცე დააფიქსირო”- განაცხადა თამაზ  ხუბუამ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას 5 მარტს  შეხვდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა. ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები