აშშ-ში ჩინეთის საელჩო: თუ აშშ-ს ჩინეთთან სატარიფო, სავაჭრო ან სხვა ომი სურს, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე
ფენტანილის საკითხი არის მწირი საბაბი ჩინურ იმპორტზე აშშ-ის ტარიფების ასამაღლებლად. ჩვენი კონტრზომები ჩვენი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად არის სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელი,- ასე ეხმიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ პროდუქციაზე 20-პროცენტიანი ტარიფის შემოღებას.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთზე ზეწოლასა და შანტაჟს ცდილობს.
“ჰუმანურობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ კეთილგანწყობის სულისკვეთებით, ჩვენ გადავდგით მტკიცე ნაბიჯები, რათა დავეხმაროთ აშშ-ს ამ საკითხის მოგვარებაში. ჩვენი ძალისხმევის აღიარების ნაცვლად, აშშ ცდილობს ზეწოლას და შანტაჟს, ქვეყანაზე ტარიფების გაზრდით.თუ აშშ-ს მართლა სურს ფენტანილის საკითხის მოგვარება, სწორი იქნებოდა ჩინეთთან, როგორც თანაბარ პარტნიორთან, კონსულტაციის გავლა. თუ აშშ-ს ჩინეთთან სატარიფო, სავაჭრო ან სხვა ომი სურს, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბულინგი ჩინეთზე არ მოქმედებს და რომ ზეწოლა, იძულება ან მუქარა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა.