მისი თქმით, ევროპას ტრამპთან სავაჭროდ საქართველოში არეულობა სჭირდება და ამიტომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ შეეცდება საპროტესტო ცეცხლის გახსნას თბილისში, თუმცა, მიიღებენ უკუშედეგს.
„სამხრეთ კავკასია საუკეთესო ადგილია ევროკავშირის მანიპულაციებისთვის, სადაც ამერიკას თავისი ინტერესები აქვს. თუკი გუშინ ამერიკა-ევროპა ინტერესთა თანხვედრაში იყვნენ ჩვენთან მიმართებით, დღეს მათ მმართველებს შორის დიდი ზღვარია და ჩვენს რეგიონში მათი ინტერესებიც თანხვედრაში ვეღარ მოდის.
თუკი სტატუსის მიღების წინ ევროკავშირის ლიდერებისთვის საქართველო „სხვა გეოგრაფიული მდებარეობა” იყო, დღეს შეიძლება ჩვენთან საერთო საზღვარიც კი აღიარონ, იმდენად სჭირდებათ დღევანდელ ევროპელ ლიდერებს საქართველო საკუთარი პოლიტიკური თამაშებისთვის.
რუსეთ-ამერიკასთან დაძაბულ ფაზაში ევროკავშირს სურს ორივეს წინააღმდეგ ერთგვარი „კოზირი” დაიჭიროს ხელში: რუსეთს, იქნებ, როგორმე, საქართველოში ტყვია გაასროლინონ და ამით ამერიკას კიდევ ერთი პრობლემური წერტილი შეუქმნან სამხრეთ კავკასიაში, რის შემდეგაც ტრამპს გაუჭირდება რუსეთ-ჩინეთთან პოლიტიკის დალაგება ჩვენს რეგიონში.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, გვიანი გაზაფხულიდან რადიკალური ოპოზიცია გააქტიურდება საქართველოში და საკუთარი დამკვეთ-დამფინანსებლების გეგმას გაჰყვებიან. ამას ემსახურება სწორედ ევროკავშირის გრანტებით ახალგაზრდების დატრენინგება და ევროპელი ლიდერებისგან ასეთი მწვავე განცხადებები თუ სანქციები. ევროპას ტრამპთან სავაჭროდ საქართველოში არეულობა სჭირდება და ამიტომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ შეეცდებიან საპროტესტო ცეცხლის გახსნას თბილისში. მათი მიზანია, ხელისუფლებამ დაუშვას შეცდომა, რაზეც ტრამპი იძულებული გახდება, ღიად გააკრიტიკოს „ოცნების” მთავრობა.
მაგრამ, ტრამპი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე ევროპელი ლიდერები ყველა ერთად. მან კარგად იცის, თუ როგორ გონივრულად გაუძლო უდიდეს წნეხს ივანიშვილის გუნდმა და მათი მხრიდან შეცდომის დაშვება ძნელია. ამიტომ, თუკი ამ გზას აირჩევს ევროპა, მიიღებს უკუშედეგს – ტრამპი უკვე ღიად ისაუბრებს „ოცნების” ხელისუფლების გონიერებაზე და მშვიდობაზე გაჯიუტებულ ამბიციურ ევროპას კიდევ სხვა ფაქტებს აუფრიალებს. ტრამპი ამას გააკეთებს არა ჩვენთვის, არამედ, საკუთარი პოზიციისთვის.
ამ ყველაფერს რომ მიხვდე, პოლიტიკური ჭკუა უნდა გიჭრიდეს, რაც ევროკავშირისთვის დღეს ნამდვილად უდიდესი პრობლემაა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.