სოზარ სუბარი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ძალიან ბევრმა ენჯეომ სცადა თავის არიდება ამ კანონისთვის იმით, რომ გადარეგისტრირდნენ უცხოეთში

ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაინტერესდა რა მექანიზმები არსებობს FARA-ში, იმისთვის, რომ ამ კანონის გვერდის ავლით არ მოხდეს ენჯეოების გადარეგისტრირება უცხოეთში.

„ახლა რაც არის მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ამ წუთში არ მოქმედებს იმიტომ, რომ როგორც ჩანს ასეთია პოლიტიკური ნება, თორემ წესით უნდა ამოქმედებულიყო. შეიძლება ის არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც FARA, მაგრამ გარკვეულ ეფექტს ნამდვილად მოგვცემდა. ძალიან ბევრმა ენჯეომ სცადა თავის არიდება ამ კანონისთვის იმით, რომ გადარეგისტრირდნენ უცხოეთში. წესით პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და კანონს უნდა ემოქმედა ამ შემთხვევაში, თუმცა თავი დავანებოთ წარსულს. მაინტერესებს ამ კანონის, რომელიც ახლა გამოგაქვთ სხდომაზე მიღების შემდეგ თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე გზას მონახავს ანუ გვერდს აუვლის კანონს, რა იქნება ჩამკეტი, რა კონტროლის მექანიზმები აქვს სახელმწიფოს რომ კანონის გვერდის ავლის საშუალებები აღმოფხვრას,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატი საკითხის მომხსენებლისგან ასევე დაინტერესდა რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ორგანიზაციას, რომელიც არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას.

„სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მინდოდა მეკითხა – ვთქვათ, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ იხდის ჯარიმას და გასაგებია, რომ ორგანიზაციას დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი – დამფუძნებელი, დირექტორი თუ რამდენიმე პირი ერთად? და მეორე კითხვა, რომელიც თანაბრად შეეხება პირველ კანონსაც და ამასაც – ვრცელდება თუ არა ეს დონორებზეც, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, მაგალითად სოროსის ფონდის თუ ღია საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც თვითონ კი არ იღებს, არამედ გასცემს გრანტებს, NED-ის წარმომადგენლობა და ა.შ,” – აღნიშნა მან.

საკითხის მომხსენებელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ვიცე-სპიკერის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ FARA-ში აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია და ყველა ის ორგანიზაცია, თუ ფიზიკური პირი, რომელიც შეეცდება კანონს აარიდოს თავი ამერიკული კანონი ეფექტიანად გასცემს პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები