ელგუჯა ხოკრიშვილი სტუდენტებს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „ნუ დატოვებ ნარჩენებს-იზრუნე გარემოზე“ ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა. მინისტრმა გარემოსდაცვით საკითხებზე, ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტზე და სამომავლო ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
კანონპროექტი „ნარჩენების მართვის შესახებ“ უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება, რომელიც გარემოს დაბინძურებაზე სანქციებისა და ჯარიმების მაქსიმალურად გამკაცრებას ითვალისწინებს. ელგუჯა ხოკრიშვილმა სტუდენტებს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში „ნუ დატოვებ ნარჩენებს-იზრუნე გარემოზე“ მონაწილეობისა და ჩართვისაკენ მოუწოდა. სამინისტრო ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ კომპანიის თანაორგანიზატორები. სტუდენტებმა უნდა მოიფიქრონ იდეა (ღონისძიება, აქტივობა) რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახალგაზრდებს იდეის განხორციელებაში დაეხმარება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს. გამარჯვებულ სტუდენტს/გუნდს გადაეცემა 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები