საქართველოს პრეზიდენტი თემო ჯაფარიძის გამოფენას ეწვია

  საქართველოს პრეზიდენტი თემო ჯაფარიძის გამოფენას ეწვია. გიორგი მარგველაშვილმა მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები დაათვალიერა და მათი შესრულების ტექნიკას გაეცნო.
„თემო ჯაფარიძე ჩვენი საზოგადოების გამორჩეული პიროვნება იყო. იგი იყო არაჩვეულებრივი მხატვარი, რომლის საოცარი შემოქმედებითი გზა კარგად ჩანს მის ექსპონატებში. იმავე დროს იგი იყო მოაზროვნე, ლიტერატორი და ზოგადად, ადამიანი, რომელიც ზელოვანისთვის ურთულეს პერიოდში გამოირჩეოდა თავისი მორალური და მოქალაქეობრივი პოზიციით. მინდა მადლობა ვუთხრა ამ გამოფენის ორგანიზატორებს, ასევე ბატონ ზურაბ წერეთელს, რომელმაც მის გამოფენას დაუთმო სივრცე და ვურჩიო ყველას, გაეცნოს ჩვენი სულიერი კულტურის ამ არაჩვეულებრივ ნაწილს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გამოფენაზე წარმოდგენილია თემო ჯაფარიძის აბსტრაქციები, რელიეფური ფერწერა, ჰო-რელიეფები, ნატურმორტები,სამყაროს არსის სახვით ენაზე ამეტყველებული მხატვრული კონცეფცია. გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები