რაჭაში რთველი დაიწყო – მევენახეებმა 600 ტონამდე ყურძენი უკვე ჩააბარეს
კახეთის შემდეგ რთველი რაჭაში დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რაჭა-ლეჩხუმი ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „რთველი 2014“-ის საკოორდინაციო შტაბი დაათვალიერეს და რთვლის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
კერესელიძეების ოჯახი, რომელიც ოთარ დანელიამ მხარის გუბერნატორთან ერთად სოფელ სადმელში მოინახულა, 3 ტონამდე ყურძნის ჩაბარებას აპირებს.
„სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა გრძელდება. დარგის ხელშეწყობამ და ჩვენ მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მოსახლეობა ახალი ვენახების გაშენებას იწყებს. ისევე როგორც კახეთში, რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. მევენახეებმა 600 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩააბარეს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-150 ტონა ყურძენია ჩასაბარებელი. გვინდა ავღნიშნოთ, რომ არცერთ მევენახეს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.