რაჭისკენ მიმავალ ავტომობილებს პოლიცია ამოწმებს

  „ხვანჭკარას“ სახელით დაცულ ღვინოზე სახელმწიფომ კონტროლი დააწესა, რის გამოც უკვე ერთი თვეა რაჭისკენ მიმავალ ავტომობილებს ამოწმებენ. კონტროლი რთვლის სეზონთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოითხოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომაც მიმართა შსს-ს კონტროლის დაწესების თხოვნით. პრემიერის განკარგულებით, შსს უნდა ჩართულიყო ამ საქმეში. შესაბამისად, პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და კონტროლს რამდენიმე დღეში დაასრულებს.
„უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ინტერესი უნდა იყოს დაცული, რადგან ეს არის იშვიათი ჯიშისგან წარმოებული ღვინო. არის დიდი ცდუნება, რომ ამ ზონაში მოიტანონ სხვა ყურძენი და იშვიათ ჯიშებად გასაღდეს. იყო კიდევაც ფაქტი, როდესაც ყურძენი კასრებით, ქვიშაში დამალული შეჰქონდათ რაჭის ტერიტორიაზე, რადგან ხვანჭკარაში 8 ლარი ღირს ალექსანდროვისა და მუჯირეთულის ჯიშის ყურძენი, რაც “ხვანჭკარის” წარმოებისთვის არის განკუთვნილი. კონტროლი რომ არ იყოს დაწესებული, მთელი საქართველოდან აქ მოაწყდებოდა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და დაზარალდებოდა ამბროლაურის მოსახლეობა, რომელმაც იშრომა, იწვალა და მათ ყურძენს ის ფასი აღარ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
იმის გამო, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იციან, რომ „ხვანჭკარა“ არის ხეობაში მოყვანილი ყურძნით ლიმიტირებული წარმოება, კონტროლის გარეშე მისი რეპუტაცია შეილახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები