დავით მათიკაშვილი: იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, როგორც ომში ჩართვის, ასევე სანქციების დაწესების
“იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, როგორც ომში ჩართვის, ასევე სანქციების დაწესების”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, შალვა პაპუაშვილის “ფეისბუქ” პოსტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 2022 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.
მათიკაშვილის თქმით, იყო საქართველოს გამოყენების მცდელობა, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში.
“არსებობს არქივი, მეხსიერება და ვერ წაშლიან იმ პირდაპირ, დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იყო როგორც უკრაინის, ევროკავშირის კონკრეტული ჩინოსნების, ასევე შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან.
არა თუ მოთხოვნები, ბორტების გამოგზავნის მცდელობაც იყო საქართველოში, რომ საქართველოდან მომხდარიყო მეომრების გაგზავნა უკრაინაში. იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, როგორც ომში ჩართვის, ასევე სანქციების დაწესების.
იყო საქართველოს გამოყენების მცდელობა, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში ამ ომის პერიპეტიებისთვის. რომ არა “ქართული ოცნების” პრინციპული პოზიცია, “ქართული ოცნების” და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, ჩვენ ისევ დიდ უბედურებაში გავეხვეოდით, რაშიც არის, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.