“რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს სახელმწიფო დააწესებს, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს” – მდინარაძე
“ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება არცერთი პუნქტი”, – ამის შესახებ ქუთაისში მყოფმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, “თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა”.
“მაგალითად, ტელევიზიები თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა – ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ ბრიტანული მოდელიდან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებით, საქართველოს რეალობას მორგებული, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს აღიარებული გქონდათ და იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში.
ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში, ანუ ნორმა არ იცვლება, რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში („ქარტიაში“ და ასე შემდეგ) ხელმოწერითაც აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს სახელმწიფო დააწესებს, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.