ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათი მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი

“სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ხუთ პუნქტში ახალი ნიუანსია, ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს აგენტს ეძახდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, იმ ადამიანებს ეუბნება, რომ თქვენი უფროსი ვარ და ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეთ, ერთადერთი გამაერთიანებელი არისო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ადრეც ამბობდა, რომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს დანიშნავს.

“მათი მიზანია, რომ საქართველოში არჩევნები ცესკო-მ კი არ ჩაატაროს, არამედ საერთაშორისო რაღაც სტრუქტურამ ჩაატაროს, ისიც ვადამდელი არჩევნები. არადა, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა უკვე შეაფასეს და არჩევნები აღიარეს. განსხვავებული აზრი მხოლოდ რევოლუციურ ფორმატშია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ პროცესებიდან „ქართული ოცნების“ სრული გამოთიშვა აერთიანებს. მათი მიზანია, ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რათა ვიღაცას ემსახურონ. ეს არის მთავარი მოთხრობა, რომელიც დიდი ხმის წინ დაწერეს და ახლა ამის განხორციელებას ცდილობენ. არსებული რეალობა კარგი არ არის, მაგრამ მეორე რეალობაა, რომელიც მათი მხრიდან შეიძლება განვითარდეს – სახელმწიფოს ნგრევა დაიწყოს, რომელსაც შეუქცევადი პროცესი ექნება. ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური გზით ცდილობენ. მათი მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც რა საკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად. ეს იმის ალტერნატივაა, რაც დღეს გაგვაჩნია. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები