„ჩემი ხედვა კომპრომისისა და ბალანსის შერწყმაა“ – რექტორობის კანდიდატი
სამხატვრო აკადემიის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი ნანა იაშვილი ოპონენტების ბრალდებებზე პასუხების გაცემისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მას იმ სტუდენტთა მხარდაჭერა გააჩნია, რომელთაც აკადემიასთან შეხება ჰქონია. სამხატვრო აკადემიის რექტორობის კანდიდატმა და მედიახელოვნების ფაკულტეტის მოქმედმა დეკანმა საკუთარ უპირატესობებზე საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„საიდან გაჩნდა შეფასებები, რომ აკადემია წარმატებულ სტუდენტებს არ უშვებს? ეს აკადემიის შეურაცხყოფაა. გთავაზობთ ჩემს გამოცდილებას, რომელიც ტრადიციულ სივრცეში უახლესი მიდგომების დანერგვას, ინოვაციებსა და სიახლეებს მიშნავს. ჩემს გამოცდილებასა და ენერგიას არ დავიშურებ. ჩემი ხედვა კომპრომისისა და ბალანსის შერწყმაა“, – აღნიშნა იაშვილმა.
მან აკადემიის სტუდენტთა ნაწილსაც უპასუხა, რომლებიც აცხადებენ, რომ აკადემია სსრკ-ს დროინდელი სისტემით იმართება, მორგებულია რექტორსა და ადმინისტრაციაზე და სტუდენტთა ინტერესები საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ არის ობიექტური შეფასება. ამგვარი დამოკიდებულება სტუდენტების შეურაცხყოფაა“.
ნანა იაშვილმა კომენტარი ცნობილ მხატვარზე, გია ეძგვერაძეზეც გააკეთა, რომელსაც, სტუდენტებისა და ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელოვნურად არ მისცეს. როგორც იაშვილმა აღნიშნა, ამ მიზეზების გამოძიება მის კომპეტენციაში არ შედის:
„არსებობს კანონი განათლების შესახებ, სადაც გარკვევით წერია, რა კომპეტენცია შეიძლება ჰქონდეს რექტორს. კანონდებლობით, სავალდებულოა, რექტორს პროფესორის გამოცდილება ჰქონდეს, რასაც ბატონი გია ვერ აკმაყოფილებდა. როდის გაჩნდა კანონმდებლობაში ეს ჩანაწერი, ვერ გეტყვით, თუმცა ვერ დავეთანხმები, რომ ეს ადამიანი ხელოვნურად დაიბლოკა. მე ჩართული ვარ იმ პროცესებში, რასაც საარჩევნო კამპანია ჰქვია. ეს კითხვა არც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან მე ჩემს თავს გთავაზობთ. ძალიან გთხოვთ, კონკურენტების გამონათქვამებზე ნუ მაპასუხებინებთ.“
ნანა იაშვილის თქმით, მას სტუდენტების მხარდაჭერა აქვს:
„ჩემი გამოცდილება უფლებას მაძლევს, მქონდეს ამბიცია. მივიღო ეს ურთულესი გამოწვევა, რაც კომფორტიდან დისკომფორტში გადასვლას ნიშნავს. კარგია, როცა ახალი მენეჯერი კარგად იცნობს მრავალდარგობრივ გამოწვევას. მე სტუდენტები კარგად მიცნობენ და ყველა იმ სტუდენტის მხარდაჭერა მაქვს, ვისაც აკადემიასთან შეხება ჰქონია“.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნები იმართება. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა – ნანა იაშვილი და გია გუგუშვილი. სტუდენტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი მათ უნდობლობას უცხადებს და ცვლილებებს არ ელის.