ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „SLOW WINE FAIR” ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია: „ანდრიას ღვინო“, „მეღვინეობა მანავი“, „კოლაგის მარანი“, „ანაპეა“, „დორემი“, „ჩვენი ღვინო“, „ნაფერები“, „გოცას ღვინო“ და „ნიაბის მარანი“, მონაწილეობდა, – აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, გამოფენაში მსოფლიოს 29 ქვეყნის 1 000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. იტალიურ ღვინოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური კონფერენცია და მასტერკლასები. გამოფენას, ტრადიციულად, ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
„SLOW WINE FAIR” უკვე მეოთხედ ჩატარდა. ქართული ღვინის მარნები გამოფენაში პირველად მონაწილეობდნენ.
გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.