„ჩემი უპირატესობა ის არის, რომ მხატვარი ვარ“ – აცხადებს სამხატვრო აკადემიის რექტორობის კანდიდატი
სამხატვრო აკადემიის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გია გუგუშვილი ოპონენტთა კრიტიკას არ პასუხობს და მზად არის, სამხატვრო აკადემიას სათავეში ჩაუდგეს. 14 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გია გუგუშვილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან პრობლემებსა და საკუთარ პროგრამაზე ისაუბრა.
„ჩემი პროგრამა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევას ითვალისწინებს. ამით სტუდენტების თვალსაწიერი გაფართოვდება. დრო სწრაფად იცვლება და მოთხოვნა უკვე ინფორმატიული სტუდენტია. ის სხვანაირია. არ არის აუცილებელი, მან მხოლოდ ნატურაზე მიბმული მხატვრობა აკეთოს. პრობლემებს რაც შეეხება, აკადემიის შენობა სასწრაფო სარეაბილიტაციოა. არსებობს პროექტი და დაწყებულია გამაგრებითი სამუშაოებიც და ამაში თბილისის მერიაც მხარს გვიჭერს“,- განაცხადა გია გუგუშვილმა.
გუგუშვილმა სამხატვრო აკადემიის რექტორობის მეორე კანდიდატზე ნანა იაშვილზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, მას იაშვილის სახით ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მისი უპირატესობა ნანა იაშვილის მიმართ მის პროფესიაში მდგომარეობს. „არჩევნებზმე ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე მყავს, მაგრამ ნანა არის მედიახელოვნების დეკანი, მე მხატვარი, ის არქიტექტორი. ამით უკვე ითქვა რაღაცები. ეს სამხატვრო აკადემიაა და არის ისეთი ნიუანსები, რომელიც შეიძლება მე უფრო ვიცოდე. მზად ვარ, სამხატვრო აკადემიას სათავეში ჩავუდგე და გუნდთან და სტუდენტებთან ერთად ვიმუშავო“,- განაცხადა გია გუგუშვილმა.
გია გუგუშვილმა ცნობილ, მსოფლიოში აღიარებულ მხატვარზე გია ეძგვერაძეზეც ისაუბრა, რომლის კანდიდატურაც აკადემიის სტუდენტებმა დაასახლეს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აკადემიამ დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის გამოც ეძგვერაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. დებულებაში შეტანილი ცვლილებებით კი რექტორიბის კანდიდატი აქტიური დარგობრივი პროფესორი უნდა ყოფილიყო.
გუგუშვილის შეფასებით, მიზეზი, რის გამოც სხვა კანდიდატები ვერ დარეგისტრირდნენ, სწორედ დებულება გახდა: „არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობა ის იყო, რომ კანდიდატი სრული პროფესორი ან მასთან გათანაბრებულს სტატუსის მატარებელი უნდა ყოფილიყო.
„გია ეძგვერაძე ძალიან მაღალი რანგის ხელოვანია, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს პროფესორი ან მასთან გათანაბრებული. გია ეძგვერაძემ კომისიის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. მე კი მზად ვარ, გავცე ის, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. მხატვარი და მენეჯერი ერთად რთული წარმოსადგენია, მაგრამ ეს ხდება. მე მყავს თანამოაზრეები და გუნდი, რომელსაც ვეყრდნობი“,- აღნიშნა გუგუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის რექტორობის არჩევნები იმართება. რექტორობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – ნანა იაშვილი და გია გუგუშვილი.