ოთარ გრიგოლია ევროსაბჭოს კონგრესს: “საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა”
“საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა” – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, 10 თებერვალს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ გაავრცელა განცხადება, სადაც კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას, განმეორებითი არჩევნების ჩატარებისა და ადგილობრივი არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს. ოთარ გრიგოლიას თქმით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და იგი დათქმულ ვადაში ჩატარდება. არჩევნების გადადების მოთხოვნა კი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის ლეგიტიმურად არჩეული და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის არ აქვს.
„აქციებზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და თქვენ მშვიდობიანს უწოდებთ, მომიტინგეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჯარო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით „- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, საკრებულოს დელეგაციაც მონაწილეობს. სტრასბურგში იმყოფებიან თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.