თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილით მიმართა
თბილისის საკრებულოს დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სტრასბურგში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია იმყოფებიან.
საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს წერილით მიმართა და არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. როგორც თბილისის საკრებულოს დელეგაციის წერილშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის საბჭოსთან და კონგრესთან თანამშრომლობას აფასებს, აღნიშნული განცხადების ტონი და შინაარსი შემაშფოთებელია.
„ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს დელეგაციასთან შეხვედრისას ჩვენ ჩავატარეთ ღია და გამჭვირვალე დისკუსია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გვეგონა, რომ ამ საკითხში ჩვენ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ, გაგვიკვირდა ბიუროს შემდგომი მოწოდება არჩევნების გადადებისა და ოპოზიციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. როგორც სუვერენული ერი, საქართველო მოწოდებულია დაიცვას თავისი კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიზაციას. ბიუროს მოწოდება არჩევნების გადადების შესახებ კი სცილდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებს. ოფიციალური ორგანო მოუწოდებს სუვერენულ ქვეყანას იმოქმედოს უცხოური რეკომენდაციების შესაბამისად და არა საკუთარი კონსტიტუციით. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი რეკომენდაციები უნდა ემთხვეოდეს წევრი ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“ – ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა, თბილისის საკრებულოს დელეგაციის წერილში საუბარი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხება. როგორც წერილშია აღნიშნული პროტესტი არ იყო მშვიდობიანი და იგი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივ ქმედებებს მოიცავდა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ აქციების დროს ხდებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით. ასეთი აღწერა არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ შეცდომაში შემყვანიც. საპროტესტო აქციების დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი. ინფრასტრუქტურის განადგურებამ და სასწრაფო დახმარების სამსახურების შეფერხებამ ასევე საფრთხე შეუქმნა რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბიურო აცნობიერებს საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების მნიშვნელობას“- ნათქვამია განცხადებაში.
წერილში საუბარია საჯარო სექტორის რეორგანიზაციაზეც და ნათქვამია, რომ საჯარო მოხელეები საქართველოში სარგებლობენ გამოხატვისა და გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლებით და ბევრი მათგანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეხედულებების მიუხედავად, აგრძელებს კარიერულ საქმიანობას.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი გადახედავს თავის ამჟამინდელ დამოკიდებულებას და მიდგომებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავუბრუნდეთ ჯანსაღი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გზას, სადაც საქართველო აქტიური კონტრიბუტორია და კონგრესი აგრძელებს ღირებული საერთაშორისო გამოცდილების წარმოჩენას. ჩვენ ღია ვართ შემდგომი დისკუსიებისთვის და მზად ვართ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.