მამუკა მდინარაძე: დღეს რომ ვიღაცა ასე გაშლეგებული გამოდის და ითხოვს ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების დასჯას, ეს არ არის ევროპა – ეს უსამართლობა ევროპიდან კი არა, ევრობიუროკრატიიდან მოდის, რომელიც არის „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ

„დღეს რომ ვიღაცა ასე გაშლეგებული გამოდის და ითხოვს ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების დასჯას, ეს არ არის ევროპა. ეს უსამართლობა ევროპიდან კი არა ევრობიუროკრატიიდან მოდის, რომელიც არის „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას დაენებებინა თავი სხვა ქვეყნებისადმი მტრული მოქმედებების დაფინანსებისთვის და ამიტომ აირჩია დონალდ ტრამპი. ახლა კი „დიფ სთეითი“ ცდილობს, რომ ყველა ეს მავნებლობა მოაქციოს ევროპული გრანტების ქვეშ.

„უნდა გავიხსენოთ, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელმა ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა, თქვა, რომ USAID-ი, რომლისგანაც იყო დაფინანსების ძირითადი წყარო, ეწეოდა სხვადასხვა ქვეყნებში ამ ქვეყნების საწინააღმდეგო მოქმედებას. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ USAID-ის თანხები ხმარდებოდა მტრულ მოქმედებებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში. ყველგან ცუდ საქმეს ხმარობდა და საქართველოში კარგს, ვერ იტყვის ხომ?! ხომ გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ, მეგობარი გაფინანსებთ – ეს მეგობარი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დიდი მტერი საქართველოსთვის. ახლა რადგან USAID-დან გაჩერდა პროექტები ანუ მტრობა ამ მიმართულებით შეწყდა, იმიტომ, რომ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყნები, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ქვეყანა არის საქართველო და ამერიკელმა ხალხმა ტრამპის არჩევით მათ შორის ესეც გადაწყვიტა, რომ ამ მტრობისთვის დაენებებინა მის ადმინისტრაციას თავი, ახლა ცდილობენ, რომ ყველა ეს დასაფინანსებელი მავნებლობა მოაქციონ ევროპული გრანტების ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ გავლენა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე შესუსტდა, თუმცა არ შესუსტებულა ევროსტრუქტურებთან მიმართებით.

„ჩვენ უნდა გავარჩიოთ ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, მისი მმართველი. ჩვენ ევროპა გვინდა და არა ვიღაც ევრობიუროკრატი, რომელიც საქართველოს ასე დაუნდობლად ურტყამს. ეს უნდა გავარჩიოთ და ხალხსაც უნდა ვუთხრათ, რომ მეგობრებო, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ევროპა, ევროპელობა, ევროპული ღირებულებები და რომელიღაცა მავნებელი ევრო ბიუროკრატი ერთი და იგივე არ არის. ისევე, როგორც საქართველო არ შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილი, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო.სააკაშვილი თუ რამეს იმავნებლებდა, ეს არ არის მაინცდამაინც საქართველო. ციხეში პატიმარს, რომ აწამებდნენ ამას საქართველო არ აკეთებდა. დღესაც ასე უნდა შევძლოთ და გავარჩიოთ. დღეს, რომ ვიღაცა საქართველოს წინააღმდეგ ასე გაშლეგებული გამოდის და ითხოვს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასჯას, ეს არ არის ევროპა. ეს არც ევროპული ღირებულებაა, ეს არც ევროპული ფასეულობა და არ შეიძლება ევროპული ღირებულება, ფასეულობა და ევროპა იყოს უსამართლობა. დღეს იქიდან უსამართლობას ვხედავთ. ეს უსამართლობა ევროპიდან კი არ მოდის, ეს უსამართლობა მოდის ევრობიუროკრატიიდან, რომელიც არის „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები