მამუკა მდინარაძე გაეროში აშშ-ის რეზოლუციაზე: ჩვენ აშშ-ის პოზიციას დავეთანხმეთ ბოლომდე, იმიტომ, რომ მართლები იყვნენ – შინაარსს რომ არ ჰქონოდა მნიშვნელობა, დავეთანხმებოდით შარშანაც, მაგრამ შარშან პოზიცია ბინძური იყო
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის პოზიციას დავეთანხმეთ ბოლომდე, ყველა ნიუანსში, იმდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ ამერიკელებს. რასაც მხარი არ დაუჭირეს – არ დავუჭირეთ და არა იმიტომ, რომ ამერიკელები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მართლები იყვნენ,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას იმიტომ დაემთხვა პირველ რიგში და უწინარესად საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომ შინაარსს ეთანხმება საქართველო და მისი ხელისუფლება.
„გაერომდე ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების დაინიციირებული [რეზოლუციის] ვარიანტი იმგვარად შეცვალეს, რომ თავად ამერიკელებმა აღარ დაუჭირეს მხარი. ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეთ. საერთო პოზიციაა, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის პოზიციას დავეთანხმეთ ბოლომდე, ყველა ნიუანსში, იმდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ ამერიკელებს. რასაც მხარი არ დაუჭირეს – არ დავუჭირეთ და არა იმიტომ, რომ ამერიკელები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მართლები იყვნენ. დღეს პრემიერთან სპეკულაციური კითხვა გაისმა – ავტორს აქვს მნიშვნელობა და შინაარსს არაო? შინაარსს რომ არ ჰქონოდა მნიშვნელობა, დავეთანხმებოდით შარშანაც, მაგრამ შარშან პოზიცია ბინძური იყო ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, წელს კი მორალურად სწორი და საქართველოსთვის სასარგებლოა, ჯდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. შესაბამისად, შინაარსს აქვს მნიშვნელობა და არა მის გამხმოვანებელს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას იმიტომ დაემთხვა პირველ რიგში და უწინარესად საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომ შინაარსს ეთანხმება საქართველო და მისი ხელისუფლება“, – განაცხადა მდინარაძემ.