სატელეფონო „ხულიგანმა“ აშშ-ს გენერალს უკრაინის შს მინისტრის სახელით დაურეკა

  სატელეფონო „ხულიგანმა“, პრანკერმა ვოვანმა, აშშ-ს გენერალს კევინ მაქნილს უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით დაურეკა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ პრესაში გავრცელდა. სატელეფონო საუბარი ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, მაქნილიმ აღიარა, რომ ამერიკა უკრაინისთვის ეროვნული გვარდიის მსახურებს მოამზადებს.
„ჩვენ დახმარების შესახებ არაერთი თხოვნა მივიღეთ, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, ზოგიერთი – პროცესშია. რაღაც აღჭურვილობა უკრაინაში უკვე გადაგზავნილია, გარკვეული რაოდენობა კი განბაჟების მოლოდინშია. 17 ოქტომბერს გენერალი რენდი ალენ კი უკრაინაში ჩავა იმისთვის, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით მუშაობის გეგმა დაამუშაოს“, – განაცხადა საუბრის დროს გენერალმა.
პრანკერის კითხვაზე, არიან თუ არა მზად აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ეროვნული გვარდიის მებრძოლების გადამზადების დასახმარებლად, მაქნილიმ დადებითად უპასუხა. თუმცა უკრაინის შსს-სთვის მატერიალური დახმარების თხოვნაზე რბილი უარი განაცხადა. გენერლის თქმით, მსგავსი მექანიზმი არ არსებობს. „თუმცა ჩვენ შეგვიძლია აღჭურვილობის, ტექნიკის და ჩვენი ინსტრუქტორების გამოგზავნა“, – განაცხადა მაკნილიმ.
შეგახსენებთ, რომ ეს სატელეფონო „ხულიგან“ ვოვანის პირველი ხუმრობა არ არის. 2014 წლის ივნისში მან ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის სახელით დაურეკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები