ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა – ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს
„პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო,“ – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მან ეუთოში გააკეთა.
მისი თქმით, უილსონმა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება ეუთოში მუდმივ მოქმედ სხდომაზეც გააკეთა, თუმცა, მოწოდებაზე, საქართველო მომდევნო სხდომას არ დასწრებოდა, უარი მიიღო.
„პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო, რომ ეს არ არის ჯო უილსონის გადასაწყვეტი.
ბატონ ალიზარდის, როგორც საქართველოში მისიის ხელმძღვანელს, ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ძალიან ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს და შესაბამისად, არავის უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თუ არ გაყალბდა. 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატი იყო წარმოდგენილი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ორჯერვე მსგავსი სისულელეები ილაპარაკა, იყო ჯო უილსონი“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა. ქართულმა მხარემ ქვეყნის ყველა პრიორიტეტზე, არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.