საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს
„ევრობასკეტ 2025“-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 62:60 დასრულდა, რითაც ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ „ევრობასკეტზე“ ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების 12-ქულიანი უპირატესობით 37:25 დასრულდა. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ანგარიშით 62:60 მოიგო.
საქართველოს ნაკრებს „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფში ერთი თამაში დარჩა გასამართავი. ქართველი კალათბურთელები სერბეთს სტუმრად 24 თებერვალს დაუპირისპირდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამართული ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო. „ევრობასკეტ 2025“ 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს ლატვია, პოლონეთი, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ პირველად 2011 წელს ითამაშა, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთთან, იტალიასა და გერმანიასთან ერთად პირველად უმასპინძლა.