ლევან მაჭავარიანი – ჯო უილსონზე: ის არის ჩვეულებრივი ლობისტი

“ის არის ჩვეულებრივი ლობისტი. ის ერთი ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას, რომელმაც დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას კოლეგებს, საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში წერია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო.

„ევროპის საბჭოს ფორმატში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, რა თქმა უნდა, მოჰყვა რამდენიმე პირობა, რაც პირდაპირ წითელი ხაზი იყო და ჩვენ განვაცხადეთ ამის შესახებ, ეს დახურულ შეხვედრებზეც იყო გაცხადებული დელეგაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო. დღემდე ვერავინ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის გაყალბებული.

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს არავინ არ უყურებს, სამწუხაროდ, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და ყველა სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. ეს ყველაფერი არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები ჩათვალო ლეგიტიმურად. ამასთანავე, ის ბრალდებები, რაღაც 350 000 ხმის გაყალბება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, რუსული სპეცსამსახურების ჩარევა და ასე შემდეგ, ეს სისულელეები არაფერი მოხვედრილა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები