დავით ოქიტაშვილი მოსკოვში ჩასულ ქართველ მომღერლებზე – არ შეიძლება შენი ერის წინააღმდეგ წახვიდე
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თბილისობისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მოსკოვში ქართველი მომღერლების ჩასვლის ფაქტს გაუმართლებელს უწოდებს. როგორც ოქიტაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ტოქშოუ “რეაქციაში“ განაცხადა, ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებდნენ, აღნიშნული ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ.
“წინა მთავრობა ლანძღავდა ნანი ბრეგვაძეს, პაატა ბურჭულაძეს, “ერისიონს“ და სხვებს, ამ ფონზე დღეს ქართველი მომღერლები ჩადიან და ანალოგიურად იქცევიან – ამაშია მთელი უბედურება. როდესაც 9 წლის განმავლობაში ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და შემდეგ იქ ჩადიხარ, ამ ნაბიჯს ვერ გაამართლებ. ყველაზე დიდი სიყვარული მათ ხალხისგან უნდა ჰქონდეთ, როდესაც ხალხის წინააღმდეგ წახვალ, მე არ მგონია, რომ კარიერა გააგრძელო. ეს მომღერლები დღეს მეცოდებიან იმიტომ, რომ სრულიად საქართველო მათ წინააღმდეგ ილანძღება. არ შეიძლება შენი ერის წინააღმდეგ წახვიდე“, -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით, მოსკოვში თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე თბილისიდან ჩასულ ცნობილ მომღერლებთან ერთად მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმაც იმღერეს. მოსკოვში გამართულ თბილისობის დღესასწაულზე სიმღერები შეასრულეს აჩი ფურცელაძემ, ლელა წურწუმიამ, ნინი ბადურაშვილმა, თამარ გვერდწითელმა და სხვებმა. ღონისძიების ფარგლებში მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.