1919 წლის 21 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის – „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა
1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
„21 თებერვლის სუსხიანი საღამო იყო. ოპერის თეატრის წინ უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. თბილისელები ახალი ქართული ოპერის სანახავად და შესაფასებლად ემზადებოდნენ. პირველი ქართული ოპერების შექმნის თანაზიარობა, მოვლენას უჩვეულოდ ამაღელვებელ-ამაღლებულ ელფერს მატებდა. სულ რაღაც თექვსმეტი დღის წინ, 5 თებერვალს, აქვე, ამ თეატრში, დაიდგა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ხანგრძლივი მოლოდინი, სიამაყე და იმედი ურთიერთს შერეულ-შეზავებული, არავის არ ტოვებდა გულგრილს. ამ წარმოდგენით გამოწვეული ვნებათაღელვა ჯერ არც კი მინელებულიყო და აი, უკვე ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოების სანახავ-მოსასმენად მოსული ქართველობა კვლავ სასიამოვნო მოლოდინით, უჩვეულო ფორიაქს მოეცვა“. (ამონარიდი გამოცემიდან – „ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“).