დავით ქართველიშვილი: რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ ზეწოლას, ამ თემაზე საკუთარ ანალიზს აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. ზეწოლის მაგალითად მას ყარაბაღში გამართულ ფორუმზე გამოთქმული ღია განცხადებები მოჰყავს.
დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ფორმით კუთხეში მომწყვდეული რუსეთი ისტორიულად საშიში და სასტიკი ხდება და კრიზისი მყოფი შეიძლება ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს.
„ყარაბაღში, კერძოდ შუშაში გამართული ფორუმი ერთი შეხედვით, მორიგ საექსპერტო პლატფორმას ჰგავდა, თუმცა იქ გაჟღერებული გზავნილების შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თავად მონაწილეები. თუმცა, მონაწილეთა სპექტრიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: რუსეთში მცხოვრები მუსლიმური და ეთნოუმცირესობების თემების წარმომადგენლები. ამან შეიძლება კვლავ დაძაბოს პოლიტიკური ურთიერთობები მოსკოვსა და ბაქოს შორის, ვინაიდან სწორედ შუშაში გაჟღერდა სეპარატისტული მოწოდებები.
როდესაც საერთაშორისო ტრიბუნიდან იწყება საუბარი ჩერქეზების, იაკუტების, ბურიატებისა და რუსეთის ფედერაციის სხვა ხალხების ისტორიულ ბედზე, როდესაც ისმის მოთხოვნები წარსულისა და აწმყოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ, ეს უკვე ჰუმანიტარული დისკუსიის ფარგლებს სცდება. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს საჯაროდ და კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება. და ეს, ალბათ, შუშის ფორუმის მთავარი შედეგია.
კიდევ რამდენიმე წლის წინ, მსგავსი რიტორიკა წარმოუდგენლად მოგვეჩვენებოდა. მაგრამ დღეს რუსეთი მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკურ და სანქციურ გამოწვევებს აღარ აწყდება. იგი სულ უფრო ხშირად იქცევა გლობალური საინფორმაციო კამპანიის ობიექტად, სადაც ნებისმიერი შიდა პრობლემა მყისიერად საერთაშორისო თემად იქცევა. ლოჯისტიკური სირთულეები, ცალკეულ საქონელზე შეფერხებები, საწვავის საკითხი, ყირიმის კრიზისი, სოციალური უკმაყოფილება – ყველაფერი ეს წამებში ვრცელდება სოციალურ ქსელებში და მილიონობით ნახვის მქონე ვიდეოებად, მემებად და დაცინვის ობიექტად იქცევა.
თანამედროვე სამყაროში რეპუტაციული დანაკარგები ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ეკონომიკური ან სამხედრო ზიანი. და მოსკოვისთვის ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ასეთი ტალღების შეჩერება უკვე არც აკრძალვებით და არც ადმინისტრაციული მეთოდებით არის შესაძლებელი.
შუშა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბევრი გარე მოთამაშე უკვე გრძნობს რუსეთის გავლენის შესუსტებას. შესაძლოა რუსეთის მისამართით ეს მცდარი შეხედულება და სახიფათო ილუზია იყოს, მაგრამ პოლიტიკა დაუნდობელია იმ ძალების მიმართ, რომლებსაც სუსტებად აღიქვამენ. სანამ სახელმწიფო ძლიერად გამოიყურება, ბევრი მწვავე თემების წამოწევას ერიდება. მაგრამ როგორც კი ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი პოზიციები დასუსტებულია, გუშინდელი ტაბუ ერთმანეთის მიყოლებით ქრება. სწორედ ამიტომ ისმის დღეს სულ უფრო ხშირად ისეთი კითხვები, რომელთა საჯაროდ განხილვას ცოტა ხნის წინ თითქმის ვერავინ ბედავდა. საუბარი აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანზე. საუბარია ბევრად უფრო ფართო პროცესზეა – იმ ურთიერთობათა სისტემის გადახედვაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
კრემლისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია ის არის, რომ მის წინააღმდეგ უკვე არა რომელიმე კონკრეტული მოწინააღმდეგე, არამედ თავად დროისა და გარემოს ატმოსფერო იწყებს მუშაობას. საინფორმაციო ომები იშვიათად იგება ტანკებით, დრონებით ან დიპლომატიური ნოტებით. ისინი აღქმების დონეზე იგება ან მარცხდება. და თუ სულ უფრო მეტი ქვეყანა, საზოგადოება და მედია იწყებს იმის დაშვებას, რომ რუსეთი სტრატეგიული შესუსტების ეტაპზე შევიდა, მაშინ ყოველი ახალი მოვლენა – იქნება ეს შუშის ფორუმი თუ TikTok-ში გავრცელებული მორიგი ვირუსული ვიდეო, სწორედ ამ პრიზმიდან იქნება შეფასებული.
ასეთ ვითარებაში საფრთხეს უკვე არა ცალკეული განცხადებები ან კონფერენციები, არამედ ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართული მრავალი მცირე დარტყმის დაგროვება წარმოადგენს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გაცილებით სერიოზულ პრობლემად იქცეს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. და რაც ყველაზე მთავარია – ისტორიულად, ასეთ მდგომარებამდე მიყვანილი რუსეთი, განსაკუთრებით საშიში ხდება. მას შეუძლია ბოროდინოს ბრძოლა დათმოს, მოსკოვიც კი გადაწვას – და შემდეგ ფრანგებს ესპანეთამდე შეუტიოს. დიდი სამამულო ომზე რომ არაფერი ვთქვათ. ასე რომ, მიმდინარე კრიზისი შეიძლება ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს…” – წერს დავით ქართველიშვილი.