ჩინეთის სამხრეთში ტროპიკული შტორმი „მაისაკის“ შედეგად წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ჩინეთში ტროპიკული შტორმი „მაისაკის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათიათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ვითარება გუანსის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ნანინშია, სადაც წყალდიდობის კონტროლის საგანგებო რეაგირების დონე უმაღლეს ნიშნულამდე აიწია. სტიქიამ დაახლოებით 55 000 ადამიანი დააზარალა, მათგან 48 000-მდე უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. 

ძლიერი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, გადაივსო წყალსაცავები, დაზიანდა ერთ-ერთი კაშხალი და დატბორილია გზები და საცხოვრებელი უბნები.

მედიის თანახმად, რეგიონში სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„მაისაკმა“ თავდაპირველად ჩინეთის კუნძულ ჰაინანსა და ვიეტნამს გადაუარა, რის შემდეგაც, შესუსტებული სახით ჩინეთის შიდა რეგიონებში გადავიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმის ნარჩენები უახლოეს დღეებში კვლავ გამოიწვევს ძლიერ ნალექს გუანსიში, გუიჯოუსა და ხუნანის პროვინციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები