გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრს უმასპინძლა და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

„ფოთს განათლებისა და ცოდნის გავრცელების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც დღესაც გრძელდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის განვითარებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი”, რომელიც ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდას აძლევს იმ ცოდნასა და სულიერ აღზრდას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებით, კიდევ უფრო ამყარებს მის ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე – მომავალ წელს აქ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც 400-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას. ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას, მის დანიშნულებას და განსაკუთრებულ როლს როგორც ფოთის, ასევე მთლიანი ქვეყნის განვითარებაში,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა.

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ახორციელებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით. სასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი და კეთილმოეწყო საუნივერსიტეტო ტერიტორია, რაც უსაფრთხო, ორგანიზებული და აკადემიური საქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს.

შენობაში განთავსებულია უახლესი მოთხოვნებისა და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი აუდიტორიები, სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი კომპიუტერული ცენტრი და მრავალპროფილური ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები