უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გენერალი კელოგი უკვე შეხვდა მთავარსარდალ სირსკის, დაზვერვისა და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებს და ასევე მისი ოფისის ხელმძღვანელს.
“ჩვენი შეხვედრა კელოგთან ხვალისთვის არის დანიშნული და ჩვენთვის საკვანძოა, რომ ეს შეხვედრა და ამერიკასთან ჩვენი ზოგადი თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად, მშვიდობა შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს და ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს პარტნიორებთან საზიარო მიზანი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ომის მესამე წლისთავს ვუახლოვდებით – ომის, რომლის დასრულებაც უკრაინაში პირველი წამიდან გვინდოდა”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი გრძელვადიანი მშვიდობით და იმგვარად დასრულდება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აღარასდროს შეძლებს, უკრაინელები რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდებიან და ქვეყანას მომავალი ექნება. მისივე თქმით, ეს არის ყველა ერის ნორმალური მისწრაფება.
“მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს. ეს მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეყრდნობი. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ორ ფეხზე. იმედს ვამყარებ უკრაინის ერთიანობაზე, ჩვენს უკრაინულ გამბედაობაზე, ჩვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმზე – ამერიკის, რომელსაც წარმატება ისევე ესაჭიროება, როგორც ჩვენ ყველას. წარმატება გვაერთიანებს”,- განაცხადა ზელენსკიმ.