ფოთის მერიასთან აქცია გაიმართა

სოციალურად დაუცველებმა ფოთის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მიზანი ფოთის მერთან შეხვედრა იყო, რისი საშუალებაც დაცვის წარმომადგენლებმა არ მისცეს. აქციის მიზეზი ელექტროენერგიის მიუღებლობა გახდა. ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ერთი თვეა ელექტროენერგია არ აქვთ.
განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს. ავარიულ შენობაში, სადაც სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს, ხელისუფლებისგან პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვს. ფოთის მერის მოადგილე აქციის მონაწილეებთან თავად გამოვიდა. „ჩვენ შუამდგომლობისთვის მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რადგან ეს შენობა მის დაქვემდებარებაშია“, -განაცხადა ფოთის ვიცე-მერმა ნიკა გრიგოლიამ.
აქციას დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ აქციის არცერთ მონაწილეს დევნილის სტატუსი არ აქვს.
„იმისათვის, რომ მათ კანონიერად მიიღონ ელექტროენერგია, საჭიროა, შენობის მფლობელმა მოგვწეროს წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ თანახმაა, ეს შენობა ელექტროენერგიით მომარაგდეს. ამის შემდეგ დაიწყება ის პროცედურა, რომელიც დადგენილია კანონით. ისინი აბონენტებად აყვანილები იქნებიან და მიეწოდებათ ელექტროენერგია“, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ დვალიშვილმა. აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები