საფრანგეთი თავისი სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ აპირებს
საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„2024 წელს პარიზში სამიტზე მე ვთქვი, რომ სტრატეგიული ორაზროვნება უნდა აღვადგინოთ. მე არასოდეს არ მითქვამს, რომ საფრანგეთი სახმელეთო ჯარებს გაგზავნიდა უკრაინაში. დღეს საფრანგეთი არ ემზადება სახმელეთო ჯარების გაგზავნისთვის. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მანამდე მაკრონმა პარიზში მინი სამიტი გამართა, რომელზედაც უკრაინის ომიც განიხილებოდა. მას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
“ვფიქრობ, ყველა, ვინც იქ იყო, აშკარად თანხმდება ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე. მარტივი ცეცხლის შეწყვეტა არანაირად არ მოაგვარებს კონფლიქტს, საჭიროა სრული და ყოვლისმომცველი მშვიდობა, რომელიც მოაგვარებს ტერიტორიულ საკითხებს, უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს და შექმნის პირობებს გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის უკრაინაში”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ როგორ დავიცვათ უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ფედერაციის განახლებული აგრესიის ფონზე. მათ შორისაა უკრაინის გადაიარაღება, ექსპერტების ან თუნდაც ჯარების გაგზავნა არაკონფლიქტურ ზონებში, უკრაინის კონსოლიდაციისა და გასაძლიერებლად.
იმავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ციკლის შესაფერის მომენტში მზად არის, სატელეფონო საუბარი გამართოს ვლადიმერ პუტინთან.