საქართველოში მეტყევეების დღე აღინიშნა
მეტყევის დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მეტყევეები დააჯილოვა. მეტყევეებს მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები და ამ დღისთვის სპეციალურად დამზადებული სიგელები გადასცა. დღეს ახალგაზრდა მეტყევეებიც დაჯილდოვდნენ. ღონისძიების მიზანი ამ დარგის პოპულარიზაცია, თანამშრომელთა წახალისება, პროფესიული ზრდა და ახალი კადრების მომზადების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე ბოლო წლებში სატყეო სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ პრეზენტაცია მომზადდა. დაჯილდოების ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიოზაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოში მეტყევის დღეს 1999 წლიდან აღნიშნავენ. „გასულ წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და მიმდინარეობს ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავება. კონცეფციის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინები მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას“, ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განხადებაში.