რუსთავში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. ვაჟა ფშაველას სახელობის ქუჩაზე, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპორტული ზონა და საბავშვო ატრაქციონები მოეწყო.
ახალი შიდასაუბნო სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა.
,,რუსთავში 2025 წელს დაგეგმილი გვაქვს 11 მილიონი ლარის პროექტები და ეს თანხა მოხმარდება შიდა საუბნო სივრცეების, ახალი მწვანე ზონების მოწყობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე გავხსენით ახალი რეკრეაციული სივრცე სადაც განთავსებულია, როგორც სპორტული, ასევე საბავშვო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალ რეკრეაციაში, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება, რუსთაველი სკულპტორის კობა გოგოლაძის სტელა -,,რუსთავის ისტორია” განთავსდა.
”რუსთავში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, დღეს კი უკვე სრულიად ახალი მწვანე სივრცეა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
მწვანე სივრცეების მოწყობა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, 2025 წელს,  რუსთავში შიდა გზების, ეზოების და შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაზე, ჯამში 11 596 983 ლარია განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები