რა სურთ გარდა ფულისა წურწუმიას, ბადურაშვილს და ჩხეიძეს – დავით დარჩიაშვილის კომენტარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი მოსკოვში ქართველი მომღერლების გამგზავრებას და იქ თბილისობის აღნიშვნას ეხმაურება. როგორც დარჩიაშვილი ფეიბუქის გვერდზე წერს, ქართველ მომღერლებს, გარდა ფულისა, სახელის დიდება უნდათ, რუსეთი კი საამისოდ დიდი საქართველოა.
„მოდი, მეც ვიტყვი წურწუმიაზე, ჩხეიძეზე, ბადურაშვილზე… ვიფიქრე და… მე არ მწყინს მათგან – სიტუაცია მოიტანს, ისევ შეიცვლებიან. საქმე იმაშია, რომ გარდა ფულისა, რომელიც შეიძლება კოლექტიური ხუბუტიასგან მიეღოთ (უფულობას კი ათასიდან ერთი თუ უძლებს), მათ უნდათ სახელის დიდება – გაფართოება. რუსეთი კი საამისოდ დიდი საქართველოა 200 წელი! მოსკოვი ცენტრია 200- წლოვანი საქართველოსი იმდენად, რამდენადაც თბილისი ქვე-ცენტრია ბათუმისა თუ ქუთაისისათვის. ეს ქართველთა დიდი ნაწილის სისხლშია, კულტურაშია. იდეა, რომ უნდა ცალკე ვიყოთ, 800 წლის წინანდელი დავით აღმაშენებელი გავაცოცხლოთ ჩვენს გულებში, ორი თანამედროვე აღიარებულებით მტკიცდება: ევროპელობით და სუვერენიტეტის აუცილებლობით. მათ კი არც ერთის არ სჯერათ, რადგან არ ესმით. ისინი სუვერენიტეტის და ევროპელობის აუცილებლობით არ აღზრდილან. ასე, რომ დამოუკიდებლობა ჩვენი, პოლიტიკით “დაავადებულთა” გასაკეთებელია – მნიშვნელოვანწილად – ხელოვნურ–მექანიკურად. ასე “გაკეთდა” ჩეხეთი, ესტონეთი…ამ “კეთებაში”, ანუ თანამედროვე ქართული ერის ფორმირებაში წურწუმიას, ჩხეიძის, ბადურაშვილის დამუნათებაც ლეგიტიმური მეთოდია. მაგრამ ადამიანურად, მესმის, რა სჭირთ მათ: ესაა ინსტინქტური სწრაფვა ცენტრისაკენ – იქითკენ, სადაც უფრო გაიბრწყინებ. ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა კი მათი საქმე არაა – ეს მათ უნდა გაუკეთო. მიშა უკეთებდა“, – წერს დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები