გუგული მაღრაძე: საკვანძო თანამდებობების პირებს მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებიც საკვანძო თანამდებობებს იკავებენ, მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.
როგორც მაღრაძემ მერიის მაღალჩინოსნებისთვის სახელფასო დანამატების გაცემის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, კვალიფიციურ კადრებს არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ კერძო სექტორში გადავიდნენ, სადაც ხელფასი გაცილებით მაღალია.
მისი თქმით, თუ კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორს დატოვებენ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხამს თავს, რადგან მათ ამ თემაზე აჟიოტაჟი მიზანმიმართულად ატეხეს.
“არის გარკვეული საკვანძო ადგილები, სადაც დასაქმებული ადამიანები უნდა იყვნენ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. მათ აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი ადამიანის ბედი, ამიტომ ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ კარგად უზრუნველყოფილნი, რათა არ ჰქონდეთ იმის ფიქრი, რომ კერძო სტრუქტურებში გადავიდნენ, სადაც ამ კვალიფიკაციის ადამიანებს ექნებათ გაცილებით მეტი ანაზღაურება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის 100-200 კაცი, რომელიც მართავს ქვეყანას, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს “, – განაცხადა გუგული მაღრაძემ “პირველის” პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიას ბრძანებულების მიხედვით, თბილისის მერიის აპარატის მაღალჩინოსნებს 2014 წლის სექტემბრიდან ხელფასზე დანამატი ერიცხებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები